• ხუთ. სექ 23rd, 2021

გადადგა, თუ გადააყენეს? – როგორ დატოვა მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილებით მეუფე სპირიდონი ნაცვლად ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

მეუფე იაკობის თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მეუფე სპირიდონმა თავად მიიღო.

“მოხდა ის, რომ მეუფე თავის ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და საპატრიარქოს გადაწყვეტილება რაც არის, პატრიარქის გადაწყვეტილება, მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი აქ და ახლა ვარ მე დირექტორი.

ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რაც გასაკეთებელი იყო, მაგრამ იცით რომ გარკვეული მოვლენების გამო არ დასცალდა მეუფეს ამის გაკეთება,“ – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი.

ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონი მედიის ყურადღების ცენტრში მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილების შემდეგ მოექცა. მეუფემ სახალხო დამცველს ბავშვთა სახლში შესვლის უფლება არ მისცა. მიზეზად კი მისი „გაუკუღმართებული” იდეოლოგია დაასახელა. სახალხო დამცველი კი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა.

ამასთან, გამოჩნდნენ პანსიონის ბენეფიციარები, რომლებიც დასჯის სასტიკ მეთოდებზე ღიად საუბრობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი შშმ ბავშვებმა დატოვეს. პანსიონი მშობლებისა და ბენეფიციარების გადაწყვეტილებით კიდევ რამდენიმე ბავშვმა დატოვა და ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში 23 აღსაზრდელია.

საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ჰალილის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მოლაპრაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს დროთა განმავლობაში მცირე ტიპი ბავშვთა სახლები ჩაანაცვლებენ.