• ხუთ. სექ 23rd, 2021

„ვაქცინაციიდან 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება“ – მარინა ენდელაძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა. 

მარინა ენდელაძე ერთ-ერთი პირველი ექიმია, რომელიც საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის შემდეგ არავითარი გვერდითი მოვლენა არ ჰქონია.

მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდა და რაიმე უჩვეულო არ უგრძვნია, მხოლოდ ჰქონდა მცირე დისკომფორტი ნანემსარი ადგილის გამო.

ალკოჰოლთან დაკავშირებით PIA.GE-ს კითხვაზე მან უპასუხა, რომ სანამ ორგანიზმში ანტისხეულები კარგად არ გამომუშავდება, მანამდე ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

„არაფერი განსაკუთრებული არ შემინიშნავს. მთელი დღე ვიყავი სამსახურში და სიცხე არც გამიზომავს, რადგან არ მიგრძვნია. მხოლოდ ნანემსარი ვიგრძენი ცოტათი, ტკივილი არ მქონია.

არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანს აცრის შემდეგ წერილობითი სამახსოვროს ფორმით ეძლევა.

ერთ-ერთი მათ შორის არის, რომ ორი თვის განმავლობაში, სანამ ორგანიზმში ანტისხეულები კარგად არ წამოვა, მანამდე ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და ვაქცინაციას მის შემთხვევაში გვერდითი მოვლენა არ მოჰყოლია.

ინფორმაციისთვის, 15 მარტს, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყო. მედპერსონალის აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით მიმდინარეობს.

წყარო: TIA.GE