• ხუთ. სექ 23rd, 2021

რით განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა თუ რით განსხვავდება COVID 19-ის შტამები ერთმანეთისაგან.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამები ზოგჯერ მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან, ზოგჯერ კი ეს განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას ჩვენ ვერ ვამჩნევთ.

„მოგეხსენებათ, რომ ვირუსებს, ზოგადად და რესპირაციულ ვირუსებს, ახასიათებთ დიდი და მცირე მუტაციები, რის შედეგადაც, წარმოიშვება ახალი შტამები.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი გრიპის ვირუსია, რომლის განახლება ყოველწლიურად ხდება. არც კოვიდის ვირუსი არ გამოდგა გამონაკლისი, მუდმივად ხდება მასში მუტაციები, ცვლილებები გენომში, მაგრამ ეს ცვლილებები იმდენად მცირეა, რომ ის შეუმჩნეველია და მას ახალი შტამის სტატუსი არ ენიჭება.

რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ისეთი, როდესაც მუტაცია საკმაოდ დიდი იყო იმისათვის, რომ ახალი შტამის სახელი დაერქმიათ.

დღეისათვის სულ რამდენიმე შტამს განარჩევენ:

პირველი არის ჩინურ-ევროპული კლასიკური რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგია ე.წ. ბრიტანული შტამიე.წ. ბრაზილიური შტამიე.წ. სამხრეთ-აფრიკის შტამი და ბოლოს გამოჩნდა ეს ე.წ. ინდური შტამი.

ბრიტანული გამოირჩეოდა ევროპულისაგან მეტი გადამდებობით და იოლად ასნებოვნებდა ადამიანებს და მეორე თვისება რაც ჰქონდა, უფრო იოლად ასნებოვნებდა შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს და ბავშვებს.

ახლა საქართველოში ნახევარზე მეტი ბრიტანული შტამია. რაც შეეხება სიმძიმეს, ზოგი მიიჩნევს, რომ მძიმეა, ზოგი მიიჩნევს, რომ პრინციპული განსხვავება არაა.

რაც შეეხება სამხრეთ-აფრიკულს, ის ყველაზე მეტად განსხვავდება დანარჩენი შტამებისაგან, შესაძლოა, მასზე დაცვითი მოქმედების თვალსაზრისითაც. ის ჩვენთან არ დაფიქსირებულა.

ინდური შტამზე კი ვარაუდობენ, რომ იქ ცოტა მუტაცია მოხდა, ვიდრე ბრიტანულ შტამში. მისი განმასხვავებელი ნიშნები არის ისევ გადაცემის მეტი სისწრაფე, ანუ ის ბრიტანულზე კიდევ უფრო იოლად გადაეცემა, ასევე, მას ახასიათებს ახალგაზრდა ასაკის პირების და ბავშვების იოლად დაინფიცირება. რაც შეეხება სიმძიმეს, ზოგი მიიჩნევს რომ ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მეტ სიკვდილიანობას იძლევა, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ჯერ დადასტურებული არ არის, რადგან დიდი კვლევები ჩატარებული არ არის.

ჩვენ ერთი რამე გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანული შტამი, როგორც ინდური, არ არის რაიმე პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კოვიდის პანდემიის დინამიკა და სრულიად შეცვლას მოითხოვდეს ჩვენს ტაქტიკაში. ეს ნიშნავს, რომ სიმპტომები მსგავსია, თავდაცვის საშუალებები პირბადე და სოციალური დისტანცირება აბსოლუტურად იგივე რჩება, უბრალოდ მეტი სიფრთხილით შეიძლება მოვეკიდოთ, იმიტომ რომ დასნებოვნების რისკი მაღალია.

იცავს თუ არა ინდური შტამისგან კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი– ვარაუდობენ, რომ ინდური იმდენად არ განსხვავდება სტანდარტული შტამისაგან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას არ იცავდეს ის იმუნიტეტი, რომელიც ადამიანს აქვს ჩვეულებრივი კოვიდის ან ვაქცინაციის შემდეგ. ახლახან ჩაატარა კვლევა „ფაიზერმა“ და საშუალოდ 90% -ში იცავს ეს ვაქცინა ამ შტამისაგან, სხვა ვაქცინებიც იცავენ უბრალოდ ამ ეტაპზე ეს კვლევა მხოლოდ „ფაიზერმა“ ჩაატარა“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1056 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1071 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 341 894-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 324 426 პირი.

დადებითობის მაჩვენებელია, დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო 7 დღის – 3,22%-ია.