• ხუთ. იან 27th, 2022

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

EXCLUSIVE: რატომ დაბრალდა 20 წლის ბერძენი ქალის სასტიკი მკვლელობა ქართველს და რა მოხდა სინამდვილეში – „ახლა, ამას რომ ვამბობ, შესაძლოა, მოვიდნენ და მომკლან“

საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე არკვევდა, რა მოხდა ცოტა ხნის წინ გლიკა ნერაში და ვინ ჩაიდინა სასტიკი დანაშაული. მაშინ, ბერძნული პოლიცია აჩქარდა და ინფორმაცია გავრცელდა, რომ დამნაშავე ბულგარეთის საზღვართან დაკავებული ქართველი იყო, რომელსაც ყალბი პასპორტი ჰქონდა. ეს ვერსია ბერძნულმა მედიამაც აიტაცა.

თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა – დაკავებულია დე ფაქტო აფხაზეთში მცხოვრები ყაზახი ეროვნების მამაკაცი, რომელსაც ყალბი ქართული პასპორტი ჰქონდა, ის ბერძენმა სამართალდამცველებმა თურქეთის საზღვართან დააკავეს – ამის შესახებ “პრაიმტაიმს” საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი უყვება.

როგორც ირმა გელაშვილი ამბობს, ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, საბერძნეთში მყოფ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამსაქმებლებთან სერიოზული პრობლემები შეექმნა, დამსაქმებელმა კომპანიებმა ქართველების გასაუბრებაზე დაბარება შეწყვიტეს და უკვე დასაქმებულები ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ.

ამან გადააწყვეტინა საბერძნეთის პოლიციის მაღალჩინოსნისთვის მიემართა, რომელიც გელაშვილის პაციენტი იყო და პირადი ნაცნობობა აკავშირებს. სწორედ მისგან შეიტყო, რომ სასტიკი მკვლელობის საქმე გაიხსნა და დე ფაქტო აფხაზეთიდან ჩასული კაცი ბრალდებულის სტატუსით დააკავეს.

ირმა გელაშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტისთვის ბერძნულ მედიას დიდი ყურადღება აღარ გაუმახვილებია, რადგან სიჩქარემ და დეზინფორმაციის გავრცელებამ საერთაშორისო უხერხულობა გამოიწვია… ის ასევე, რუსული კრიმინალური დაჯგუფების შესახებ საუბრობს, რომლის წევრებიც აფხაზეთიდან საბერძნეთში არიან ჩასულები.

“მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქმრისა და ჩვილის თვალწინ ქართველმა კრიმინალმა 20 წლის ქალი მოკლა, ჩვენი ეროვნების წარმომადგენლებზე ადგილობრივების დამოკიდებულება მყისიერად შეიცვალა. ისეთი ბულინგის მსხვერპლი გავხდით თითოეული ქართველი, რომ არც კი შეგვიძლია ამის გადმოცემა.

ჩვენი მისამართით ისმოდა შემდეგი ფრაზები – “მკვლელები ხართ”, “თქვენ, ქართველები ცივსისხლიანები ხართ” და ა.შ. გარდა ამისა, ჩემ ნათესავს, რომლიც დამსაქმებელს გასაუბრებაზე უნდა დაებარებინა, ეთნიკური ნიშნით შეხვედრა გაუუქმეს. ეს ყველაფერი დეზინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია. ჩემზე ძალიან იმოქმედა, დავურეკე ჩემს ყოფილ პაციენტს, პოლიციის მაღალჩინოსანს და დაზუსტებულად ვიცი, რომ ის ქართველი ბიჭი, რომელსაც პირველად ასეთი რამ დააბრალეს, უდანაშაულო აღმოჩნდა – დაღუპულის ქმარი მიიყვანეს ამოცნობაზე და ასე გამოირიცხა მისი ბრალეულობა.

ასევე, გავარკვიე, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის საზღვართან მამაკაცი დააკავეს, როგორც ამ საქმის ფიგურანტი. ნაცნობმა პოლიციელმა მითხრა, რომ ის დე ფაქტო აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ყაზახია, რომელსაც ქართული ყალბი პასპორტი ჰქონდა და ახლა, ბრალდებული ისაა.

ამ ყველაფრის აფიშირებას ბერძნული მედია აღარ ჩქარობს, რადგან საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა ბერძნული მხარე. ჩვენ, აქ მყოფ ემიგრანტებს კი, ამ სამარცხვინო ლაქის ჩამორეცხვა ძალიან გვჭირდება და ამაში ქართული მედიის დიდი იმედი გვაქვს.

არაა გამორიცხული, მომავალშიც ასევე ბინძურად გაისვაროს ქართველის სახელი, რადგან საბერძნეთში რუსული მაფია მოქმედებს, არის საშიში კრიმინალური დაჯგუფება, რომელშიც რუსების გარდა, აფხზეთიდან ჩამოსული სომხები, რამდენიმე ჩეჩენი და ყაზახი ბიჭები შედიან. ისინიც ქართული ყალბი პასპორტებით ჩამოვიდნენ და ამიტომაც მოგვეკერება კრიმინალთა სახელი…

ახლა, ამას რომ ვამბობ, შესაძლოა, მოვიდნენ და მომკლან კიდეც, მაგრამ არაფრის მეშინია. იმედი მაქვს, რომ მათ მალე დააკავებენ, რადგან პოლიცია სრულიად სხვანაირად მუშაობს არჩევნების შემდეგ, კრიმინალს ნამდვილად უტევენ.” – ამბობს ირმა გელაშვილი.

“პრაიმტაიმი” ამ ინფორმაციაზე სასაუბროდ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში საქართველოს მოქალაქეს ბრალი არ ედება.

შეგახსენებთ, რომ გლიკა ნერაში შეიარაღებული მძარცველები ახალგაზრდა წყვილის სახლში შეიჭრნენ, სადაც ცოლ-ქმართან ერთად მათი 11 თვის ჩვილიც იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მძარცველმა 20 წლის კაროლინი სიცოცხლეს გამოასალმა მას შემდეგ, რაც ქალმა მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.