„ბნელ აბაზანაში კეტავდა.. ერთხელ ფეხშველა ჩაუკეტავს, ცივ მეტლახზე იჯდა მთელი ღამე“- რას წერს ჟურნალისტი ოჯახურ ძალადობაზე

ბოლო დღეებში, ფემიციდის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლული ქალის ამბავმა საზოგადოება შეძრა, შემდეგ ამას მოჰყვა მეორე, მძიმე ფაქტი, როდესაც ქმარმა დიდუბეში, ავტობუსების გაჩერებასთან ყოფილი ცოლი დაჭრა და სასიკვდილოდ გაიმეტა.

ოჯახური ძალადობის შესახებ ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძეც წერს, რომელიც ძალადობის მსხვერპლ მამიდის ამბავს ჰყვება და გვიზიარებს რჩევებს, რომლებსაც ბებია აძლევდა.

„19 წლის ყოფილა მამიდაჩემი ცოლად რომ გაჰყოლია ბიჭს, რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა. თვითონ ასე ამბობდა თურმე, გონების დაკარგვამდე მიყვარსო. დაახლოებით ერთი წელი უცხოვრია ბიჭთან, რომელიც გონების დაკარგვამდე უყვარდა და სახლის დახურულ ფანჯრებს მიღმა ურჩხული აღმოჩნდა. ცემა რომ მობეზრდებოდა, ბნელ აბაზანაში კეტავდა. ერთხელ ფეხშველა ჩაუკეტავს აბაზანაში, ცივ მეტლახზე იჯდა მთელი ღამე, სანამ გონება არ დაკარგა. 7 თვის ორსული ყოფილა მამიდაჩემი ნაადრევი მშობიარობა რომ დაეწყო და ბავშვი დაბადებიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. მაშინ გაიგო ბებიაჩემმა, რომ მის შვილს ამ 11 თვის განმავლობაში სადისტთან უცხოვრია. სამშობიაროდან ქმართან აღარც გაუშვა და სახლში წამოიყვანა. ეს ამბავი ჩემს დაბადებამდე მოხდა, მაგრამ როცა წამოვიზარდე ბებია მიყვებოდა ხოლმე ამ ისტორიას. რაში მაინტერესებდა ვინ რას იტყოდა, შვილს ხომ არ მოვაკვლევინებდი იმ სადისტსო.

15-16 წლის ვიქნებოდი, ბებია მარიგებდა ჭკუას, კაცი თუ ერთხელ დაგარტყამს, ის მოკვლაზეც არ დაიხევს უკან, ამის მეტი რა ვიცი, 23 წელი მოსამართლედ ვიმუშავე და კინაღამ შვილი მომიკლა კაცმა, რომელსაც ვერაფერი შევატყვეო. თავს იდანაშაულებდა, როგორ ვერ ამოვიცანი სადისტიო. იმასაც მეუბნებოდა, თუ ქალს დაარტყამს, შვილსაც სცემსო. თუ ცუდი ქმარი შეგხვდება, არცერთი წუთით მის გვერდით არ გაჩერდეო და მერე ღმერთს მიმართავდა ხოლმე, დაიფარე ჩემი ქეთი და ყველას შვილი სადისტებისგანო. ამ სიტყვას ხშირად იყენებდა მოძალადე კაცის სინონიმად. ვფიქრობ, სამართლიანადაც.

ამ სტატუსის წერისას საშინელი სევდა დამეუფლა, რადგან აღარც ბებიაა ცოცხალი, აღარც მამიდაჩემი და აღარც მამაჩემი, მაგრამ რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.“ – წერს ჟურნალისტი.

Previous post ტეხასის სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა – მათგან 19 ბავშვია
Next post “მაპატიე, რომ ვერ გაცოცხლე უსასრულოდ… მაპატიე, ალბათ რამდენჯერ გაწყენინე..” – ხათუნა ჟორდანია