საქართველოში ქალის საშუალო ხელფასი თვეში 1,184 ლარია, კაცის კი 1,695 ლარი

საქსტატმა დღეს ხელფასების შესახებ გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია. 2022 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1,446 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 15.1%-ით, ანუ 190 ლარით მეტია. 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, “ხელზე ასაღები” საშუალო ხელფასი 1,156 ლარს შეადგენს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დიდია სხვაობა ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის – ქალებისთვის საშუალო ხელფასი 1,184 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით ანუ 162 მილიონი ლარით მეტია. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ეს თანხა ხელზე 947 ლარის ხელფასს ნიშნავს.

კაცებისთვის საშუალო ხელფასი 1,695 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 221 ლარით, ანუ 15.1%-ით მეტია. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ეს თანხა ხელზე 1,356 ლარის ხელფასს ნიშნავს.

საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1 პროცენტით);

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 (გაიზარდა 8.3 პროცენტით);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი (გაიზარდა 9.1 პროცენტით);

⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900.0 ლარი (გაიზარდა 15.9 პროცენტით).

2022 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 177.4 ლარით (14.6%) გაიზარდა და 1,390 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თბილისშია და ის 1,675 ლარს შეადგენს, ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 772 ლარის ოდენობით.

Previous post ნაცემი თამო ვაშალომიძე საქორწილო კაბაში… – ნახეთ თამოს პირველი კომენტარი ვიდეოს ფოტოების გავრცელების შემდეგ
Next post მანქანა ამწედან ჩამოვარდა და 25 წლის ბიჭს დაეცა – შემზარავი შემთხვევა ხულოში