“გული მაქვს მკვდარი“ – 18-წლიანი მუშაობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარმა ცხოველების მიღება შეწყვიტა

18-წლიანი მუშაობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარმა ცხოველების მიღება შეწყვიტა.

“გული მაქვს მკვდარი“ – ამ შინაარსის პოსტი ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განმარტა, რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ჯანმრთელი ძაღლები გასტერილდებიან და სხვადასხვა ლოკაციაზე გაუშვებენ. თავშესაფარში დარჩებიან დიდი ტანის ჯანმრთელი ძაღლები, რადგან მათი ქუჩაში გაშვება არ შეიძლება.

„უამრავ ადამიანს, ბიზნეს წრეებს, მთავრობას, საზოგადოებას მივმართე თხოვნით, რომ დახმარებოდნენ თავშესაფარს. მზად ვიყავი და ვარ ჩემი კერძო ტერიტორია, ზედ არსებული შენობა ნაგებობებით, სადაც ფუნქციონირებს ძაღლების თავშესაფარი გამეჩუქებინა იმ პირობით, რომ ახალი მეპატრონე 8 წელი შეუნარჩუნებდა პროფილს, არავინ გამოჩნდა მსურველი.

დასანანია, რომ მხოლოდ 18 წელი იარსება თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარმა სანამ მე მქონდა ამის ფინანსური საშუალება. მაგრამ ყველაზე მეტად დასანანია, რომ ამ ქვეყანაში არც მთავრობამ, არც ბიზნესმა და არც საზოგადოებამ არ ჩათვალა საჭიროდ ჩემი თავშესაფრის არსებობა.

დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ 18 წლის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, ვისაც თუნდაც ერთი ნაჭერი პური ან ერთი თეთრი უჩუქებია თავშესაფრის ბინადრებისათვის.

დღეიდან 2021 წლის 22 ივნისიდან თავშესაფარი წყვეტს ცხოველთა მიღებას.

თავშესაფარში არსებული ხერხემალგადატეხილი და ავადმყოფი ძაღლები გადაეცემა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. ჯანმრთელი ძაღლები კი გასტერილდებიან და სხვადასხვა ლოკაციაზე იქნებიან გაშვებული. თავშესაფარში დარჩებიან დიდი ტანის ჯანმრთელი ძაღლები, რადგან მათი ქუჩაში გაშვება არ შეიძლება. ამ წერილს რომ ვწერ გული მაქვს მკვდარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

Previous post ”ბაქარი” და სოფო ანდღულაძე შვილს ელოდებიან – ნახეთ როგორ გამოიყურება ”ბაქარის” ორსული ცოლი (ფოტოები)
Next post ქალი, რომალმაც10 ტყუპი გააჩინა, ფსიქიატრიულში მოათავსეს