• სამ. დეკ 7th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

რას ნიშნავს ბოდიპოზიტივი და რამდენად სასარგებლოა ამ ტერმინთან დაკავშირებული იდეები?

ბოდიპოზიტივი საკუთარი სხეულის ნებისმიერი ფორმით მიღებას ნიშნავს. ეს არის უარი იმაზე, რომ ესთეტიკურად ითვლებოდეს მხოლოდ ახალგაზრდა, გამხდარი, ძლიერი და ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც სასურველია, ღია ფერის კანი ჰქონდეს. 

მოკლედ, ბოდიპოზიტივი ნიშნავს, რომ ჭამო იმდენი, რამდენიც გინდა, არ დაკავდე სპორტით და საერთოდაც, მოდუნდე?

არა. ეს ბოდიპოზიტივის იდეების არასწორი ინტერპრეტაციაა. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობას უგულებელყოფენ, თავიანთ მიდგომას ხშირად ბოდიპოზიტივით ამართლებენ. სპეციალისტების განმარტებით, აქ პრობლემა არა ამ ტერმინშია, არამედ იმაში, რომ ყოველთვის იარსებობენ ადამიანები, რომელთაც საბაბი სჭირდებათ. თუ მათ საამისოდ არ ექნებათ ბოდიპოზიტივი, სხვა რამეს იპოვიან.  ზოგიერთი ბოდიპოზიტივს აღიქვამს ისე, თითქოს „ორგანიზმმა თავად იცის, რამდენს უნდა იწონიდეს და ყველა მათგანს თავისი ნორმა აქვს“. ამიტომაც ასეთ შემთხვევებში წონაში დაკლების იდეა  ჯანმრთელობისთვის საზიანოდ აღიქმება.

თუ ადამიანს ნამდვილად აქვს წონის პრობლემები, როგორ უნდა მოვიქცეთ?

იყავით დელიკატური. ხშირად ადამიანები, რომლებსაც რაიმე სახის ფიზიკური თავისებურება ან თვალსაჩინო დაავადება აქვთ, აწყდებიან იმ ფაქტს, რომ კოლეგები, ნათესავები და თუნდაც გამვლელები ექიმთან კონსულტაციისკენ მოუწოდებენ. ამის მიზეზად ხშირად ზრუნვა სახელდება, მაგრამ ამ მიდგომას სპეციალისტები არაეთიკურად მიიჩნევენ. 
ამავდროულად, არ არის საჭირო ადამიანს სირცხვილის გრძნობა დაეუფლოს. გარეგნობით გამოწვეული სტიგმა და დისკრიმინაცია მხოლოდ მავნებელია და ის არავითარ შემთხევაში არ უბიძგებს ადამიანს “უკეთესობისკენ”. წონის დაკლების აგრესიულმა ბიძგმა შეიძლება გამოიწვიოს კვების დარღვევების (EID), დეპრესიისა და სუიციდური იდეების განვითარება. წონაში კლებისკენ აგრესიულმა მოწოდებამ შეიძლება  გამოიწვიოს კვებითი აშლილობა, დეპრესია და სუიციდური ფიქრები. ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სირცხვილის გრძნობა არ დაეუფლოთ და თავი დამნაშავედ არ იგრძნონ. პირიქით, მათ საკუთარ სხეულთან ჰარმონიული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. 


ფსიქოთერაპევტების შეფასებით, ადამიანებს აქვთ უფლება თავიანთ წონასა და ჯანმრთელობაზე იფიქრონ იმ დოზით, რამდენადაც თავად სურთ, სანამ ეს სხვა ადამიანების ცხოვრებას ხელს არ შეუშლის. „მე თავად უნდა გადაწყვიტო, რამდენად ყურადღებიანი ვიყო ჩემი ჯანმრთელობის, წონის, კანის მდგომარეობისა თუ სხვა რამის მიმართ,“- ასეთია ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფის დასკვნა. 


სინამდვილეში კი, ბოდიპოზიტივი ხშირად მოუწოდებს ადამიანს დაიწყონ მკურნალობა და / ან შეცვალონ ცხოვრების წესი და ეს ხშირად სასურველ შედეგებს იწვევს.

ეს იმას ნიშნავს, რომ წონის დაკლება საჭირო არ არის?

ექიმმა შეიძლება ეს თავად შემოგთავაზოთ,  თუ ამის სამედიცინო მიზეზი არსებობს ან ჭარბი წონის მქონე ადამიანი შეიძლება ამ დასკვნამდე თავად მივიდეს. თანამედროვე მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ წონის სასურველი ნიშნულის მისაღებად ნებისმიერი მეთოდი დაშვებული არ არის. მიზანი სხვა  უნდა იყოს და ის, როგორც წესი, ბოდიპოზიტივს სავსებით შეესაბამება. ენდოკრინოლოგები არტერიული ჰიპერტენზიის ან ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევების დასარეგულირებლადაც წონაში კლებას ერთადერთ გამოსავლად სულაც არ თვლიან. უფრო მეტიც, პაციენტს შეუძლია სხვა სტრატეგია აირჩიოს.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, ექიმმა არ უნდა მისაყვედუროს, რომ საკუთარ გარეგნობაზე არ ვიზრუნე?

ზუსტად ასეა. სამწუხაროდ, ექიმებისთვის განკუთვნილ მასალებში პირდაპირ წერია, რომ ჭარბი წონის ან გაცხიმოვნების მქონე პაციენტების დამუნათება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა- მავნე. ექიმმა პაციენტს მხარი უნდა დაუჭიროს და არა დაადანაშაულოს ის სიზარმაცესა თუ სუსტ ნებისყოფაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირმა შეიძლება სხვა მიზეზებით გამოწვეულ სამედიცინო დახმარებაზეც თქვას უარი. ამავე დროს, არსებობს საკმარისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან თუნდაც უნებლიე სტიგმატიზაცია. ამიტომაც თუ თვლით, რომ ექიმი თქვენ შეურაცხყოფას გაყენებთ, საერთოდ არ ხართ ვალდებული, ის აიტანოთ. მიმართეთ სხვა სპეციალისტს! 

რით არის სასარგებლო ბოდიპოზიტივის იდეები?

ბოდიპოზიტიური გეხმარებათ, საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ. თქვენ შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ სხეულის სასურველ ან მასთან მიახლოებულ წონას, მაგრამ მეთოდები, რომლითაც ამას აკეთებთ, ჯანმრთელობას გირყევთ. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ წონაში კლების ზოგადად მიღებული სტანდარტების შესაბამისად, სიგამხდრე ცალსახად ჯანმრთელობას ნიშნავს. მაგალითად, როდესაც მშობელს ბავშვი მიჰყავს ექიმთან, რათა ხალი მოაშოროს, რადგან მას ეს არ მოსწონს. აქ ფსიქოლოგები სვამენ კითხვას: დარწმუნებული ხართ, რომ ეს ისაა, რაც სურს თავად იმ სხეულს, რომელიც ამ ხალს ფლობს?


ბოდიპოზიტივი მუშაობს როგორც კვებითი დარღვევების პროფილაქტიკა. კვებითი აშლილობის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია სხეულის დამახინჯებული აღქმა. ამ დროს ადამიანის ცდილობს სხეულის საკუთარ იდეალს მიაღწიოს, რადგან ეს წარმატებისა და სოციალური მიმღებლობის გარანტიად მიაჩნია. Academy for Eating Disorders-ი კი წერს, რომ ნებისმიერი წონის დროს, სხეულის პოზიტიური აღქმა ადამიანს კვებითი დარღვევებისგან იცავს. უფრო მეტიც, ეს ფიზიკური ჯანმრთელობის უკეთეს მაჩვენებლებთანაც ასოცირდება. ამავდროულად, კვებითი აშლილობა შეიძლებნა ნებისმიერი წონის ადამიანს აღმოჩნდეს და მისი დიაგნოსტირება ადამიანის გარეგნობის საფუძველზე შეუძლებელია.


ბოდიპოზიტივი ადამიანს ცხოვრების წესის შეცვლაში ეხმარება. ენდოკრინოლოგების შეფასებით, ბოდიპოზიტივი წონის დაკლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიაა,  როდესაც ეს ამა თუ იმ დაავადების გასაკონტროლებლად ხდება (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები). დამტკიცებულია, რომ სხეულისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და არარეალური სტანდარტებით ხელმძღვანელობაზე უარის თქმა ამ მხრივ ბევრად უკეთესია, ვიდრე ე.წ. ფეტშეიმინგი (Fat shaming- ჭარბი წონის მქონე ადამიანებისადმი ბრალდებითი დამოკიდებულება).


ბოდიპოზიტივი ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ადამიანის ჯანმრთელობა მის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასაც გულისხმობს. შესაბამისად, სტიგმის მოხსნა იმ ადამიანებისგან, რომლებიც არარეალური იდეალისგან განსხვავდებიან, პირდაპირ უწყობს ხელს მათ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამით ხდება იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც საკუთარ თავს უვლის?

ბოდიპოზიტივი ”საკუთარი თავი მოვლის” შესაძლებლობას არანაირად არ უარყოფს. როგორც წესი, ამაში გულისხმობენ სხეულიდან თმის მოცილებას, მაკიაჟს, კუნთოვანი მასის გამოსამუშავებლად სპეციალურ ვარჯიშებს და სხვ. ბოდიპოზიტივ ადამიანსაც შეუძლია ამის გაკეთება, თუ მას ეს სურს. აქტივისტი მიშელ ელმანი საკუთარ ინსტაგრამზე წერს: ”ჩვენ მას [მაკიაჟს] ვიკეთებთ, როდესაც ეს გვსურს. ბოდიპოზიტივი ნიშნავს, რომ წესებს ჩვენ თვითონ ვადგენთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სახესა და სხეულს. ბოდიპოზიტივი არჩევანს ეხება.“


სიტუაცია  პრობლემურად განიხილება მხოლოდ მაშინ, როდესაც “თავის მოვლა” ასოცირდება სოციალურ ნორმებთან და თავად ადამიანს ის სიამოვნებას არ ანიჭებს.

წყარო : imedinews