• სამ. დეკ 7th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

ინდოეთში კორონავირუსით ყოველ 5 წუთში 10 ადამიანი იღუპება – მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 160 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 160 მილიონს მიაღწია. ყოველდღიურად კოვიდ 19-ით 800 000 ადამიანი ავადდება. აქედან ნახევარზე მეტი ინდოეთზე მოდის, სადაც უმძიმესი ვითარებაა. 

უკვე მეხუთე დღეა, ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს. ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი ჩამოშლის პირასაა. ყოველდღიურად 4 000-ზე მეტი პაციენტი კვდება. ინდოეთი დახმარებას ითხოვს.

ვირუსის გავრცელების შეჩერება, მხოლოდ ვაქცინის გლობალური წარმოების გაზრდითაა შესაძლებელი, თუმცა ვაქცინის წარმოების ერთიან სამუშაო გეგმაზე ევროპის ქვეყნებმა და აშშ-მა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.

პარალელურად, ევროპის ქვეყნების ნაწილი შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს.
გერმანიაში კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილთათვის შეზღუდვები დღეიდან გაუქმდა. მასობრივი ვაქცინაციის პარალელურად, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დასაშვებად მიიჩნია კომენდანტის საათის გაუქმება. მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა.

ბლუმბერგის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ ვაქცინის მილიარდ 280 მილიონი დოზაა გამოყენებული, რაც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 8.4 პროცენტისთვისაა საკმარისი. ყველაზე სწრაფად ვაქცინაცია აშშ-ში მიმდინარეობს.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი