თეკლა წვერიკმაზაშვილი: „მხოლოდ გარეგნობით არ მოვსულვარ აქამდე… ხალხმა სიმღერით გამიცნო და არა იმით, რომ ხუჭუჭა თმა და გრძელი ფეხები მაქვს…“

15 მაისს, შაბათს, „პირველი არხის“ ეთერში, საღამოს 10 საათიდან, საშუალება გექნებათ, უყურეთ მუსიკალური მეგაშოუ „ვოისის“ ფინალს.

სტეფანეს გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თეკლა წვერიკმაზაშვილი შეეცდება, მაყურებელი თავისი სიმღერით მოხიბლოს და პროექტში გამარჯვება მოიპოვოს.

მომხიბვლელი გოგონა ორი ტურის განმავლობაში მაყურებლის რჩეული გახლდათ.

თეკლა მიიჩნევს, რომ მის გარეგნობაზე აქცენტი ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, მისთვის, როგორც მომღერლისთვის, სიმღერის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ულამაზესი გოგო დგას და სასწაულად მღერის, მეტი რა გააკეთოს?!”

თეკლა წვერიკმაზაშვილი:

საუბარი პირდაპირ ფინალით დავიწყოთ?!.. (იღიმის). რა თქმა უნდა, არის გარკვეული ნერვიულობა და ყველა ჩვენგანი შინაგანად ღელავს, მაგრამ პირადად მე, გადავწყვიტე, რომ „ვოისში“ ბოლო გამოსვლით ვისიამოვნო. ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა როგორ წარვდგები მაყურებლის წინაშე და როგორ დავამახსოვრებ მას თავს. მაქსიმალურად ვარ გადართული სიმღერაზე. დიდად არ ვიღლი თავს იმაზე ფიქრით, რა შედეგი იქნება ფინალში.

მშვენიერი ტაქტიკა აგირჩევია… შენი მწვრთნელისგან, სტეფანესგან, როგორ ფიქრობ, რა ისწავლე ახალი და ზოგადად, პროექტიდან რა გამოცდილებით წახვალ?

სტეფანესი მადლობელი ვარ, რადგან რინგზე მან გადამარჩინა და მომცა საშუალება, ლაივებზე გამეგრძელებინა გამოსვლა. ყველამ იცის, როგორი მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. რაც შეეხება გამოცდილებას, სტეფანესთან მუშაობა არის ძალიან დიდი სიამოვნება ჩემთვის, რადგან პროფესიონალია და გამოიარა ის ყველაფერი, რასაც მე ახლა გავდივარ, როგორც დამწყები მუსიკოსი. ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მუსიკალურად, ასევე ადამიანურად და ბევრი რამ გადავაფასე ამ პროექტში ყოფნისას. მივხვდი, რა არის მნიშვნელოვანი და რა – არა. აქედან ბევრად გამოცდილი და ჩამოყალიბებული მუსიკოსი გავალ, ვიდრე აქ მოსვლამდე ვიყავი.

შენს გამორჩეულ გარეგნობაზე შენი მწვრთნელიც ხშირად აკეთებს აქცენტს. ეს გწყინს თუ გიხარია?

გეთანხმები, ზოგჯერ იმაზე მეტად კეთდება აქცენტი ჩემს გარეგნობაზე, ხანდახან იმაზე მეტად, ვიდრე სიმღერაზე. ეს რაღაც მხრივ არის ძალიან კარგი. ბავშვობიდან სცენასთან მაქვს შეხება არა მხოლოდ სიმღერით, არამედ ცეკვით. გარეგნობა სცენაზე მნიშვნელოვანია. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ სასწაული ვარ. დადგენილი სტერეოტიპების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ დღეს რაც საქართველოში სტერეოტიპია, თუ როგორი ადამიანი უნდა იდგეს სცენაზე, ამაში ვჯდები. მეორე მხრივ, იმ ნათქვამმა, რომ სცენას ვუხდები, ცოტა დამაკლო რაღაცები. უმეტესად აქცენტია იმაზე, რომ სცენაზე კარგად გამოვიყურები, არადა, მე ვთვლი, რომ მხოლოდ გარეგნობით არ მოვსულვარ აქამდე. იყო სხვა რაღაცებიც, რამაც ფინალამდე მომიყვანა. ვაღიარებ, რომ გარეგნობამ დიდი როლი შეასრულა, მაგრამ არის სხვა მომენტებიც, რაც დასაფასებელია. მინდა, ფინალში დავამტკიცო და მწვრთნელებმაც და მაყურებელმაც ნახონ, რომ სილამაზისა და ესთეტიკურობის მიღმა, შემიძლია, კარგად შევასრულო სიმღერა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რაზეც შენ საუბრობს, მაყურებლის დიდი მხარდაჭერაა. ელოდი ამას?

ხშირად, გარეგნობასთან ერთად, ჩემი „ტიკ-ტოკის“ მიმდევრებსაც ახსენებენ. მათი ნახევარი უცხოელია და წარმოდგენა არ აქვთ, რომ „ვოისში“ ვარ და არც ჩემი ნომერი იციან, რომ დარეკონ. არ არის სწორი, როცა წერენ, რომ შემდეგ ტურში იმის გამო გადავდივარ, რომ „ტიკ-ტოკზე“ 95 000 გამომწერი მყავს. კი, ეს, რა თქმა უნდა, მეხმარება, უამრავი პატარა გულშემატკივარიც მყავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მქონდა მხარდაჭერის მოლოდინი, მაგრამ არა ამხელა მხარდაჭერის, რადგან „ტიკ-ტოკზეც“ სულ რამდენიმე თვეა, ვარ. მახარებს ის, რომ „ტიკ-ტოკშიც“ და სხვა სოციალურ ქსელებშიც ადამიანებმა, პირველ რიგში, სიმღერით გამიცნეს და არა იმით, რომ ხუჭუჭა თმა და გრძელი ფეხები მაქვს (იღიმის).

წინა ტურზე დისკო ჩაცმულობა გქონდა შერჩეული. რას შემოგვთავაზებ ფინალზე?

სტილს სიმღერის მიხედვით ვარჩევთ. პირველ ტურზე მელოდი გარდოს სიმღერის შესრულებისას, აკა ფროდიაშვილთან მივედი და ეს კაბა შევარჩიეთ. ამ სიმღერაზე ფიქრისას ჩემი გონება ასეთი კაბისკენ წავიდა. მორიგ ტურზე ბევრმა აღნიშნა, რომ დისკო სტილი ძალიან მოეწონათ. „ვოისის“ დიზაინერებთან ერთად შევარჩიე ნაჭერიც და სტილიც. ფინალში სპეციფიკურ, ტრენდულ სიმღერას ვასრულებ და ჩავიცვამ ისეთ სტილში, რაც მას მოუხდება. არ ვიქნები უბრალოდ, ლამაზად ჩაცმული, უფრო მეტად – დამახასიათებლად. არ იქნება აქცენტები გარეგნობასა და ჩაცმაზე…

თეკლა, „ვოისმა“ ახალი თაყვანისმცემლები შეგძინა?

ცნობადობა, რა თქმა უნდა, ძალიან გაიზარდა. გამოხმაურება ისედაც იყო, მაგრამ ახლა, რაც „ვოისში“ ვარ, ფართო საზოგადოებამ გამიცნო. „ტიკ-ტოკზე“ უფრო მეტად იგრძნობა ასაკობრივი ზღვარი, როცა ტელევიზიას ეხება საქმე, მით უმეტეს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, უფრო დიდ მასშტაბზე გადიხარ. ეს იგრძნობა, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე ქუჩაში სიარულისასაც. მათი დადებითი გამოხმაურებები ძალიან მახარებს.

როცა სცენაზე დგახარ, შენი შესრულება რომელიმე ერთ ადამიანს ხომ არ ეძღვნება გამორჩეულად?

როცა სცენაზე ვდგავარ, ვფიქრობ, თავად ვისიამოვნო. შეიძლება, ეგოისტურად ჩამითვალოთ, მაგრამ ვფიქრობ ხოლმე, როცა სცენას დავტოვებ და ვიდეოს ვნახავ, პირველ რიგში, მე მომეწონოს თავი (იცინის).

ზოგადად, პირად თემებზე საუბარი არ მიყვარს. რაც უფრო ცოტა ადამიანმა იცის და რაც უფრო დახურულია ეს თემა, მით უფრო მშვიდად და წყნარად ხარ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

Previous post უმძიმესი ინფორმაცია მარტვილში დენის დარტყმის შედეგად 26 წლის ქალი გარდაიცვალა
Next post ორი გვამი ბათუმში – რა მოხდა კობალაძის ქუჩაზე?