• ხუთ. ნოე 25th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

ჩვენი ხუთი შვილი დედის საფლავზე მიყვანას მთხოვს” – კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლე დახმარებას ითხოვს

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილის ქმარი მამუკა ნაჭყებია ცოლის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს და საქართველოს მთავრობას, საპატრიარქოსა და ესპანეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებას სთხოვს.

მან ვიდეო მიმართვაც ჩაწერა, რომელიც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

„მოგმართავთ თხოვნით, გადმომასვენებინოთ ცირა საქართველოში. როდესაც ესპანეთში ვიყავი (ცოლის გარდაცვალებისას), თქვენი მხარდაჭერით მივაღწიეთ იმას, რომ ცირა არ დაგვეწვა და ის დაეკრძალათ. ამისთვის მადლობას მოგახსენებთ.

მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მაგრამ დადგა ის დრო, როცა ჩემი შვილები დღედაღამ მთხოვენ, რომ დედა ჰყავდეთ საქართველოში. ამის მოთმენა აღარ შემიძლია. ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვარ, ბავშვებს ვატყუებ, ხან ისე, ხან ასე… მოგმართავთ თხოვნით, ცირა ჩამომასვენებინეთ საქართველოში“. – ამბობს მეუღლე.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში 2020 წლის 2 მარტს, მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისათვის განკუთვნილი თანხა ცოლ-ქმარმა ახლობლებისა და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით შეაგროვა. ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. კორონავირუსით იგი სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა.

ცირა მადრიდრის სასაფლაოს აკლდამაში 2020 წლის 27 მარტს დაკრძალეს. მეუღლე მის დაკრძალვას ესპანეთში შემოღებული საკარანტინო აკრძალვების გამო ვერ დაესწრო. მას მხოლოდ იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც მისი ცოლი დაკრძალეს.

იმ დროისათვის ცირა ალიხანაშვილის საქართველოში გადმოსვენების ერთადერთი გზა მისი კრემაცია იყო, თუმცა ოჯახმა კრემაციაზე უარი თქვა და მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართა.

მაშინ, ცირას ოჯახს საელჩოში განუმარტეს, რომ ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებდნენ, ან ესპანეთშივე კრძალავდნენ. მიცვალებულის სამშობლოში გადასვენებას კი ოჯახი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეძლებდა.

„19 თვეა, ჩვენი ხუთი შვილი დედის საფლავზე მიყვანას მთხოვს. ისე დაკრძალეს, ახლოსაც არ მიმაკარეს. კოვიდით გარდაცვლილებისთვის განსაკუთრებული რეგულაციები მოქმედებდა. კრემაციის უფლებას ვერ მივცემდი, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დაეწვათ ცირას სხეული.

მაშინ საკონსულომ, საელჩომ დამამშვიდა, ცოტა ხანი უნდა მოვიცადოთ და შემდეგ გადავასვენოთო. მითხრეს, სპეციალური წესები მოქმედებს, კონსერვაციის ვადა 5-6 წელია და ამ პერიოდში მის გადასვენებას ვერ მოახერხებთო.

აღარ ვიცი, რამდენი ხანი უნდა ველოდო კიდევ. მას მერე საქართველოს რამდენი მოქალაქე გარდაიცვალა კოვიდით სხვადასხვა ქვეყანაში, მათი გადმოსვენება ხომ მოხერხდა?

მაგრამ ცირა ვერაფრით გადმოვასვენეთ. ვეღარ ვცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად, ვეღარც ბავშვებს ვუყურებ თვალებში. ხალხმა ჩვენთვის შეუძლებელი შეძლო, ყველანაირად დაგვიდგა გვერდში და ახლა ხელისუფლებას ვთხოვ დახმარებას“. – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

როგორც ცირა ალიხანაშვილის მეუღლის და, ხათუნა ნაჭყებია რადიო თავისუფლებას ეუბნება, საკონსულოს თანამშრომელმა მას განუმარტა, რომ საკონსულომ კონსულტაცია გაიარა შესაბამის უწყებებთან და შესაძლოა, მისი რძლის სამშობლოში გადმოსვენება მარტში ანუ გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე მოხერხდეს.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია მას მადრიდში საქართველოს კონსულმა, ილია გიორგაძემაც დაუდასტურა:

„ცოტა ხნის წინ, საქართველოს კონსული, ილია გიორგაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ესპანეთთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, ცირას საქართველოში გადასვენების უფლებას მოგვცემენ”. – აღნიშნავს ხათუნა ნაჭყებია.

შეგახსენებთ, 34 წლის ცირა ალიხანაშვილი 2020 წელს ესპანეთში კორონავირუსს ემსხვერპლა.