• სამ. დეკ 7th, 2021

NTV.GE

საინფორმაციო პორტალი

“მინახავს სხვისი, სახლიდან წამოღებული სადილისაკენ გაპარებული, მშიერი თვალები… შიათ ბავშვებს…” – პედაგოგი

პედაგოგი, ლანა ნიკოლეიშვილი სკოლებში არსებულ ვითარებაზე წერს:

“მინდა სკოლებში მოშიმშილე ბავშვებს და მათი კვების თემას გამოვეხმაურო.

მეც იმ ბავშვების სიაში ვარ, მოსწავლეობის დროს, სანახევროდ რომ ჰქონდა ბუფეტის ფული და სანახევროდ შიოდა…

მერე იმ მშობლების სიაში ვიყავი, ბუფეტის ფულს იშვიათად რომ ვუხერხებდი შვილებს და იმ მასწავლებლების კატეგორიაში გადავედი, რომელსაც არასოდეს დამვიწყებია, რა მწარეა სკოლაში შიმშილი და სხვისი ულუფისაკენ თვალის გაპარება.

ვასწავლიდი ოთხ საჯარო სკოლაში და ბოლოს კერძოში. საჯაროებში მუშაობის პერიოდი, ძაან არეულ და გაჭირვებულ დროს დაემთხვა, თან უფროსკლასელებთან მქონდა შეხება და ძირითადად თავისუფალ დროს (ზარიდან ზარამდე) სამასწავლებლოში ვატარებდი. როცა თბილისის ერთ_ ერთ კერძო სკოლაში დავიწყე დაწყებით კლასებში მუშაობა, იქ ჩავხედე თვალებში ბავშვების გაჭირვებას, შიმშილს და მწარედ მოთმინებასაც, რაც ყოველთვის გულს მიკლავდა.

იტყვით ახლა, კერძო სკოლაში ფულიანები დადიან, რატომ შია იქ ბავშვსო?

მე კი გეტყვით, კერძო სკოლაში ის კატეგორია ბავშვებიცაა, რომელთა მშობლები საშუალო ან მასზე დაბალ ფენას განეკუთვნებიან და ყოველ თეთრს შვილის განათლებაში დებენ. ამიტომ მათი ბიუჯეტი განსაზღვრულია სწავლის გადასახადის, სასკოლო ნივთების, ჩაცმა-დახურვისა და მწირი, სასკოლო კვების ფულისთვის. ხშირად გახანგრძლივებული ჯგუფებისათვის, სადაც ასადილებენ ბავშვებს 2 საათზე და ოჯახი ამ კვების იმედად უშვებს, დილით სწრაფად ჩაიდალეულზე…

მე მინახავს სხვისი, სახლიდან წამოღებული სადილისაკენ გაპარებული, მშიერი თვალები… მე მინახავს დიდ დასვენებაზე, ბუფეტისკენ გაქცეულ ბავშვებს გამოყოფილი ბავშვი, რომელიც უხერხულობისაგან იწყებს დაფაზე ხატვას ან წიგნის ,,კითხვას,,

მინახავს კლასელების მიერ შემოტანილ, ნაყიდ საკვებს როგორ უყურებს და ჯდება მის სიახლოვეს, იმედით, ერთი ლუკმას მაინც მოუტეხავს… მინახავს მშობელი, რომელიც კატეგორიულად მიმტკიცებდა, რომ ჩემს შვილს სკოლაში ფულს არ ვატან იმიტომ, რომ მას არ შია ამ დროს, დილით კარგად ვაჭმევ და პირველ _ ორ საათამდე რა მოაშივებსო, არადა ნეტა ენახა თავისი შვილი, ბავშვების კვებისას…

რას ვაკეთებდი მე, როგორც მასწავლებელი და რა მინდა გაითვალისწინოს ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა პედაგოგებმა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში..

მქონდა ჩემი, პატარა, დაუწერელი კანონები.მაგალითად;

როცა ჭამ, თვალი მოავლე ირგვლივ, იქნებ მშიერ თვალებს გადააწყდე და სანამ ლუკმას პირისკენ წაიღებ, ერთი მასაც უწილადე .

თუ არ გემეტება ის ერთი ლუკმა (ეს შენი უფლებაა და ვერავინ გაიძულებს) არ ამოიტანო ბუფეტიდან ნაყიდ საკვები, იქვე მიირთვი და ამოდი (მშიერი კლასელი რომ არ გააღიზიანო).

ზოგ ბავშვი ჭამაში პრეტენზიულია და ბევრჯერ მინახავს მთლიანი ხაჭაპური ან ლობიანი ნაგავში ჩაგდებული. ასეთ შემთხვევაში, ვასწავლიდი, თუ თქვენ არ მოგეწონათ საკვები, მოატეხეთ ხელით თქვენი ნაკბეჩი ადგილი და დასვით კითხვა, ბავშვებო, ვინმეს გინდათ ეს ხაჭაპური, თუ ლობიანი, თუ ჰოთდოგი? მსურველი მშიერი თვალები იქნება.

ძალიან ხშირად, ბოლო გაკვეთილზე ამიკრეფია (ნებაყოფლობით) ბუფეტში მორჩენილი 5 ან 10 თეთრები და სამი_ ოთხი შოთი ან ლავაში მიყიდია, გაკვეთილზე დამიტეხავს და ყველასთვის გამინაწილებია. სახლიდანაც წამიღია ჯემი, გადამისვამს და მიჭმევია. უფრო ხშირად ბუფეტში ვერწასული ბავშვისთვის ჩემი ლუკმა გამიყვია, ამდენს ვერ მოვერევი, მოდი შენს დამეხმარე-მეთქი.

ერთხელ სკოლაში სადილად მჭადი და ყველი წავიღე. ვხედავ გოგონას,რომელიც ბუფეტში ვერ მიდის. დავპატიჟე, გავუტეხე შუაზე და დავინახე კლასიდან გავიდა.ცოტა ხანში, თავის პირველკლასელ ძმასთან წასულა და მისთვისაც გაუუნაწილებია. მეორე დღეს ჩვენს კლასთან მოვიდა ძმაც..

თითქმის არასოდეს წამიღია სახლში, სოფლიდან საჩუქრად ჩამოტანილი ყურძენი თუ ხილი.

ასე, რომ დაიჯერეთ ხალხო, შიათ ბავშვებს…

და მთავარი: პედაგოგმა უნდა შეძლოს მშიერი თვალების დანახვა და არა ისე, მასწავლებელი ჭამდეს და მოსწავლე უყურებდეს…

p.s. აქ,სამეგობროში მოსწავლეებიც მყავს, მშობლებიც.თუ ასე არ ხდებოდა, ნუ დამეთანხმებიან”, – წერს ქართველი პედაგოგი.