„საწოლზე იყო მიწოლილი, ვიფიქრე ჩაეძინა-თქო“ – რას ამბობს დავით ჭაბაშვილი, რომელმაც გარდაცვლილი და პირველმა ნახა

15 იანვარს ლაგოდეხში მომხდარმა ფემიციდის შემთხვევამ საზოგადოება აალაპარაკა. ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. თავდაპირველად ნონა ჭაბაშვილი ყველას გაზით გაგუდული ეგონა, თუმცა მოგვივანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იგი ყოფილმა მეუღლემ ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გაზი დატოვა ჩართული, რათა გამოძიებისთვის კვალი აერია. 

თავდაპირველად ნონა გაზით გაგუდული ეგონა მის ძმას, დავით ჭაბაშვილსაც, რომელმაც და გარდაცვლილი პირველად ნახა. დავით ჭაბაშვილი „ფორმულასთან“ იხსენებს, როგორ აღმოაჩინა ოთახში საწოლზე მწოლიარე და. მან ნონა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა, თუმცა უკვე გვიანი იყო. 

„უგონო მდგომარეობაში დამხვდა საწოლზე მიწოლილი ტანსაცმლით. ჯიბეში ჰქონდა ხელები, ვიფიქრე ჩაეძინა-თქო, საავადმყოფოში რომ მივიყვანე უკვე გვამი იყო. ექიმმა მალევე მითხრა, რომ გარდაცვლილიაო და გულიც ხელოვნურად გვაქვს ამუშავებულიო“,- იხსენებს დავით ჭაბაშვილი. 

შეგახსენებთ, მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, გიორგი ბარბაქაძემ ყოფილი მეუღლე, ნონა ჭაბაშვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ინსცენირებისთვის, ნაქირავებ ბინაში გაზქურა ჩართული დატოვა.

გარდაცვლილი ქალი სახლში, საკუთარმა ძმამ იპოვა.

ნონა ჭაბაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა და მის სხეულზე ძალადობის კვალის აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი მეუღლე დააკავეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11′ 109- ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Previous post ქალი სასტიკად მოკლა და მეზობლებთან ერთად ტყეში ცხედარს ეძებდა – შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებული შეწყალებას ითხოვს
Next post როდისაა მოსალოდნელი „ომიკრონის“ ახალი ტალღა