“მინდა, ჩემს გულშემატკივარს ისევ სტიმული მივცე, უკვე თოქშოუდან” – მორაგბე ბაჩო კოლელიშვილი “ღამის პრაიმთაიმის” ექვსეულში

პირველი თებერვლიდან, ყოველ სამშაბათს, “რუსთავი 2”-ის მაყურებელი ახალ მეგა თოქშოუს იხილავს. “ღამის პრაიმთაიმი” ასე ჰქვია გადაცემას, რომელსაც ვარსკვლავური ექვსეული 22 საათზე წაიყვანს.

წამყვანის ამპლუაში ბევრი მათგანის გამოჩენა, დიდი მოულოდნელობა იყო მაყურებლისთვის და შესაბამისად, ამ შემადგენლობას, სოციალურ ქსელებში, დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 

მაშ ასე, “ღამის პრაიმთაიმის” წამყვანები არიან: ანა ჩირაძე, ავთანდილი, ზურა ხაჩიძე, ბაჩო კოლელიშვილი, ნიკოლოზ ხაჩიძე და ნინო ჩხეიძე.

მსახიობისა და რეჟისორის, ზაზა კოლელიშვილის ვაჟს, ბაჩო კოლელიშვილს, რაგბის (და არა მხოლოდ) გულშემატკივარი შესანიშნავად იცნობს. მორაგბის კარიერა, ტრავმების გამო, ადრე დასრულდა. როგორც ის “პრაიმტაიმთან” ამბობს, ახლა, ახალი გამოწვევის წინაშეა და მას მყისიერად დათანხმდა.

ბაჩო კოლელიშვილი: აქამდე თოქშოუს წაყვანაზე არასდროს მიფიქრია. თუმცა, შემოთავაზებაზე ბევრიც არ მიყოყმანია. მაშინვე დავთანხმდი.

ტელევიზიაში რომ მოვედი, წამყვანები უკვე შეკრებილები იყვნენ და მათთან ერთად პილოტი ჩავწერე. არ მაქვს შიში, ღელვა. გამოუცდელის უხერხულობაც, ალბათ, მალე გაივლის. მოკლედ, ექვსეულში ჩამსვეს.

წამყვანებიდან არც ერთ მათგანს არ ვიცნობდი, მხოლოდ ნაცნობი სახეები იყვნენ ჩემთვის. ახლა უკვე ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს.

ოჯახს გაუხარდა, რომ რაღაცას გავაკეთებ, საქმე მექნება. დიდი ხანია არაფერს ვაკეთებ. ათწლიანი კარიერა, მუხლების ტრავმების გამო, შვიდი წლის წინ დავასრულე. მორაგბისთვის, 23 წლის ასაკში თამაშზე თავის დანებება, გულდასაწყვეტია. თუმცა, რას ვიზამთ. ამდენად, ჩემს ოჯახს, ჩემი ახალი ეტაპი ძალზედ გაუხარდა. მოსწონთ, რომ ხალხთან კომუნიკაციაში შევალ. 

ვფიქრობ, რომ ის თაობა, რომელიც რაგბს და მე მგულშემატკივრობდა, ახლა ამ გადაცემის მაყურებელი გახდება. მინდა, მათ ისევ მივცე სტიმული, უკვე ამ ახალი ამპლუით, თოქშოუდან. თუ გამომივა, გამიხარდება. 

მომავალ თაობას, ჩვენ, ჩვენი გამოცდილებებით, სტიმული უნდა მივცეთ. ინტერესი დიდია. ბევრს, ვიცი, რომ ჩემი პოზიცია აინტერესებს. ამიტომ მათ, ვისაც ამა თუ იმ თემაზე ჩვენი პოზიციის გაგება სურს, “ღამის პრაიმთაიმი” უნდა ნახოს.

მარტივი არ არის, მაგრამ შეუძლებლად არ მიმაჩნია. დრო უნდა. მერე და მერე, უკეთესი გავხდები.

იმედია, მათ, ვინც ჩემი ამ შოუში მონაწილეობა გადაწყვიტა, იმედებს გავუმართლებ.

– ბაჩო, ავთანდილმა თქვა, რომ მეორე ხაზში აქვს სტილი, რომელსაც მოგარგებს. აქამდე ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამდი?

– მცმია, მაგრამ “ბრენდისტი” არ ვარ.

 პოდიუმზე გამოსულხარ, მახსოვს.

– კი, ბიჭოლა თეთრაძის ჩვენებაზე გამოვედი. ასე, ერთხელ, არსაიდან აღმოვჩნდი მოდის სფეროში.

ახლა ვნახე ავთანდილის ხაზი, რომელშიც მომიაზრა და მომეწონა, კარგი რაღაცები აქვს. სასიამოვნოა, რომ ამ თოქშოუში, ჩემი ჩაცმის  სურვილი გაუჩნდა.

– მოკლედ, სუსტი სქესის მაყურებლის მოსახიბლად ემზადები.

– თუ მოიხიბლებიან, ძალიან კარგი. სპეციალურად არ ვეცდები. რომ გითხრათ, მომწონს პოპულარობა-მეთქი, მოგატყუებთ. ისე გამოდის, რომ ჩემი პოპულარობა თავისით მოდის. 

წყარო : primetime

Previous post გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე.. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით – ცისნამი საყვარლიშვილი
Next post “ასე ძნელია აღიაროთ, რომ აჯობა ჩვენმა იმუნიტეტმა და დამთავრდა პანდემია?” – ხატია სიჭინავა ეპიდემიოლოგებს